scroll to top
ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების პარამეტრები: სამუხრუჭე სისტემა და საბურავები

ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების პარამეტრები: სამუხრუჭე სისტემა და საბურავები

12:26 | 22 ნოემბერი, 2018

ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების პროცესი (ტექდათავალიერების) საბურავების და ზოგადად სამუხრუჭე სისტემის მდგომარეობის დეტალურ შემოწმებასაც ითვალისწინებს.

ძირითადი მიზეზი, რის გამოც ავტომობილმა შესაძლოა წარმატებით ვერ გაიაროს ავტო ინსპექტირება, არის საბურავების პროტექტორების სიღრმის დასაშვებ ზღვარს ქვემოთ ყოფნა.

გაითვალისწინეთ ასევე ისიც, რომ დაუშვებელია ერთ ღერძზე სხვადასხვა პროტექტორის ნახატის მქონე საბურავების არსებობა. ავტომობილი ვერ გაივლის ავტო ინსპექტირებას იმ შემთხვევაშიც, თუ დაზიანებულია საბურავის კორდი და აღენიშნება ე.წ. "ბაბონი".

აქვე, შეგახსენებთ, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ საბურავის პროტექტორის ნახატის სიღრმის დასაშვებ ზღვრებს სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილისთვის:

M1 კატეგორიისთვის პროტექტორის ნახატის სიღრმის დასაშვები ზღვარი შეადგენს 1.6 მილიმეტრს.

M2 კატეგორიისთვის პროტექტორის ნახატის სიღრმის დასაშვები ზღვარი შეადგენს 1.6 მილიმეტრს.

N1 კატეგორიისთვის პროტექტორის ნახატის სიღრმის დასაშვები ზღვარი შეადგენს 1.0 მილიმეტრს.

რაც შეეხება ავტომობილის სამუხრუჭე სისტემას, მისი ტექნიკური დათვალიერება მოიცავს ხვედრითი სამუხრუჭე ძალის, სადგომი მუხრუჭის ხვედრითი ძალისა და ერთ ღერძზე თვლების სამუხრუჭე ძალებს შორის არსებული სხვაობის განსაზღვრას.

გაითვალისწინეთ, რომ N1 კატეგორიის ავტომობილისთვის ხვედრითი სამუხრუჭე ძალა უნდა იყოს არანაკლებ 45%-სა, M1 და M2 კატეგორიის ავტომობილებისთვის კი - არანაკლებ 50%-სა. რაც შეეხება ღერძზე თვლებს შორის სამუხრუჭე ძალებს შორის სხვაობას, დასაშვებია არაუმეტეს 30%-სა, სადგომი მუხრუჭის ხვედრითი სამუხრუჭე ძალა კი დასაშვებია არანაკლებ 16%-სა. 

გამართული სამუხრუჭე სისტემა და შესაბამისი საბურავი თქვენი მგზავრობის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტიაა, ამიტომ დროულად აღმოაჩინეთ და გამოასწორეთ თქვენი ავტომობილის ხარვეზები, გაიარეთ ავტოინსპექტირება წარმატებით და #იზრუნეგარემოზე